საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად საფრანგეთში ახალი ქართული ტაძრის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი დასავლეთ ევროპაში აბრაამი (გარმელია), ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) და სხვა პირები. პარიზში წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი 14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს გაიხსნება.კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ქართველ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ეკლესიას აკურთხებს და პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.ახალ ტაძარში მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) იმსახურებს. ტაძრის კტიტორი ბუბა ქებურიაა, არქიტექტორი - არჩილ მინდიაშვილი, კედლის მხატვრობა მამუკა მიქელაძემ შეასრულა. პარიზში დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის კარდინალთან, ქართულ დიასპორასთან.კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლევილის სასაფლაოზე ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა სულის საოხად პანაშვიდს აღავლენს.დელეგაცია საქართველოში 15 მაისს დაბრუნდება."ინტერპრესნიუსი"