საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბული ურთიერთობა ემატება. ეს განცხადება უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

"საქართველო იმყოფება გარდამავალ პერიოდში. რჩება პრობლემები, რომელიც გადაჭრილი არ არის. ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმედით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აღდგება და ტერიტორიული მთლიანობა იქნება დაცული.

ჩვენ მოგვემატა ახალი პრობლემა. ეს არის დაძაბული ურთიერთობა ჩვენს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. საქმე იმაშია, რომ მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც არიან ჭკვიანი ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას", - ბრძანა უწმინდესმა.

ქვეყანაში აკრედიტებული სრულუფლებიანი ელჩები საპატრიარქოში უწმინდესის მიწვევით მივიდნენ. პატრიარქმა მათ არსებულ ვითარებაზე აზრის გამოთქმა და რჩევა სთხოვა. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებას შეუწყობს ხელს.

სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდეს.